ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს, წერს, რომ დათაშვილის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა, ამიტომ ხვალ, 29 ოქტომბერს, სასამართლოზე მისთვის პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ.
„დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცნო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტიანი.
2025 წლის 25 აგვისტოს კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, რომელშიც მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტიანობის შემთხვევაში, პაციენტი უნდა გადაეყვანათ კლინიკაში, ქირურგიული ოპერაციისთვის. ორი თვის განმავლობაში ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმური სამედიცნო მკურნალობა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა.
2025 წლის 24 ოქტომბერს ნინო დათაშვილი სამედიცინო შემოწმების მიზნით კვლავ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია დიაგნოზი, რომელიც ყოფილა დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ, M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები, C5 C6 დისკების თიაქრები, რაც საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციას.
დღევანდელი მდგომარეობით, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა, ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს“, – აცხადებს ორგანიზაცია.