PHR ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სააპელაციოს მიმართავს

პუბლიკა

ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დღეს, 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის აღმოფხვრა პანსიონატის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამინისტროს მიერ.

აქამდე PHR-მა 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებით განჩინების გამოცემის შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ნინოწმინდის პანსიონატში ეფექტური მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემა, თუმცა პირველმა ინსტანციამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტები, რომლებზეც საუბარია სახალხო დამცველის აპარატის წინა წლების ანგარიშებში და ცალსახად მიუთითებენ, ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებების ყოველმხრივ დარღვევებზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

PHR საკუთარ შუამდგომლობაში მოყვანილ ფაქტებსაც აქვეყნებს, სადაც საუბარია ბავშვთა უფლებების სისტემურ დარღვევებზე.