ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით საუბრობს.
PHR-ის ინფორმაციით, 2020 წლის 18 ივნისს თბილისში საღამოს საათებში პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბავშვი, რომელიც დედის დასახმარებლად მიდიოდა, უსაფუძვლოდ გააჩერეს. მათ ბავშვისთვის არ წარუდგენიათ ვინაობა და არც გაჩერების მიზეზი აუხსნიათ. მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაზეც მოზარდმა უპასუხა, რომ იყო არასრულწლოვანი და პირადობის მოწმობა ჯერ არ ჰქონდა აღებული.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ უსაფუძვლოდ შეჩერებული პირი იყო ბავშვი, კვლავ გააგრძელეს, ჩვენი შეფასებით, უკანონო ქმედებები.
კერძოდ, საფუძვლის გარეშე ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და სცადეს ფოტოსურათის გადაღება. მას შემდეგ, რაც ბავშვმა მათ მისი გაჩერების მიზეზის დასახელება მოსთხოვა, პოლიციელები გაღიზიანდნენ და დაემუქრნენ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით.
ბავშვმა მათ უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა მისი მშობელი (დედა) და მასთან ერთად დალაპარაკებოდნენ. პოლიციელები არ დაელოდნენ ბავშვის მშობელს, ამასთანავე არ მიუღიათ რაიმე ზომა სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით და, სავარაუდოდ, უკანონო ძალის გამოყენებით შეეცადნენ ბავშვის მანქანაში ჩასმას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა თავი შეუძლოდ იგრძნო და შეკრებილი მოქალაქეებიც პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისკენ მოუწოდებდნენ, სამართალდამცველები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით ბავშვის მანქანაში ჩასმას. საბოლოოდ, ბავშვმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო განრიდებოდა პოლიციელებს.
პოლიციის მხრიდან ,სავარაუდოდ, უკანონო ძალის გამოყენების შედეგად, ბავშვმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებულია ვიდეო სათვალთვალო კამერა, სადაც დაფიქსირებულია შემთხვევის მიმდინარეობა. მომხდარს ჰყავს ათეულობით თვითმხილველი, მოქალაქემ ასევე გადაიღო ინციდენტი. ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – წერია PHR-ის განცხადებაში.
PHR-ის ცნობით, ორგანიზაციამ საქმეში ჩართვისთანავე გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ითხოვა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება. თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, არ მომხდარა მტკიცებულებათა მოპოვება.
„ვინაიდან, საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ხელოვნურად დაყოვნება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ზიანს აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
მიგვაჩნია, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია ამგვარი ქცევა სამართალდამცველების მხრიდან, არასრულწლოვანის მიმართ, რაც უკვე სცდება ინდივიდუალურ შემთხვევებს და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულ ფაქტებს აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, რათა ყველა ბავშვი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს და მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს განუხრელად დაცული”, – წერს PHR