ორგანიზაცია „პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი ბავშვის სარჩელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ. PHR, რომელიც ბავშვების უფლებებს იცავს, დავობს სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევაზე.
საქმე ეხება 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოს და მის ძმას.
მათ დედას – 50 წლამდე ქალს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი, უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის გამო.
PHR ამბობს, რომ გოგო თავის ოჯახში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამასთან, მას აიძულებდნენ ქუჩაში მუშაობას – მოწყალების თხოვნას მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
ძალადობის შესახებ ცნობილი იყო ზრუნვის სააგენტოსთვის, ამიტომ, სააგენტომ ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. თუმცა, რამდენიმე თვეში ისინი ოჯახში დააბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ის საფუძვლები, რის გამოც ბავშვები ოჯახს განარიდეს, არ შეცვლილა.
ოჯახში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი კაცი.
PHR წერს, რომ ოჯახთან მუშაობდა სააგენტოს სოციალური მუშაკი.
„მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო არასრულწლოვნების მიმართ განგრძობითი ძალადობის იდენტიფიცირება”. – აცხადებს ორგანიზაცია.
PHR-ის თანახმად, რომ სააგენტოს შეფასებით, ბავშვებისთვის ოჯახში შექმნილი იყო კეთილსაიმედო გარემო.
„გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა ბავშვები ოჯახში უმძიმესი დანაშაულებისგან, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგაც ვერ უზრუნველყო მათთვის საჭირო და საკმარისი სერვისების შეთავაზება და მათი უფლებების დარღვევის პრევენცია. სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის პერიოდში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დაექვემდებარნენ ზეგავლენას, მათი დაზარალებულად ყოფნის გამო”. – წერს განცხადებაში PHR.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს ზრუნვის სააგენტოს მხრიდან სხვა სისტემური ხასიათის დარღვევებზეც. მაგალითად, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგ ბავშვებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ოჯახი. ასევე, მათ საქმეზე 6-ჯერ შეიცვალა სოციალური მუშაკი. ამასთან, მინდობით აღმზრდის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლებას მინდობით აღმზრდელისთვის სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის თავისებურებების თაობაზე.
ორგანიზაციის თანახმად, ბავშვებს შეექმნათ ბარიერები PHR-ის ადვოკატებზე მინდობილობის გაცემის კუთხით.
მიუხედავად ამისა, PHR -ის დახმარებით ბავშვები ითხოვენ, სასამართლომ იმსჯელოს მათ დარღვეულ უფლებებზე. ასევე, სახელმწიფოს შეახსენოს თავისი ვალდებულება, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერ სივრცეში და რა ზომები მიიღონ დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად.
PHR აღნიშნულ საქმეში ბავშვების სასარგებლოდ ზრუნვის სააგენტოსგან სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვს. საქმეზე მუშაობენ თამარ გაბოძე და თამარ კაპანაძე.