„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „წლებია, პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალისა და მისი მედიის დღის წესრიგად იქცა, რაც ახალისებს ძალადობა”.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი დანაშაულიც.
„პირველ რიგში, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კესარიას ოჯახს. ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს აწარმოონ საქმის ეფექტური გამოძიება და სამართლიანად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქვე აღვნიშნავთ, უკვე წლებია, პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედია საშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში.
სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც, ზოგადად, ბოლო წლებში ქვიარჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები”, – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი – ბ.ჯ. დააკავეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.