პიკეტი არ უნდა უშლიდეს ხელს დაწესებულების ფუნქციონირებას - დავით უსუფაშვილი

პუბლიკა

ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„მე მხარს ვუჭერ პროტესტის გამოხატვის ყველაზე უკიდურეს კანონიერ ფორმებსაც. ამ უკიდურეს კანონიერ ფორმებში შეიძლება შედიოდეს სახელმწიფო დაწესებულების შენობასთან პიკეტი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენა. სწორედ ამ მოთხოვნით იმართება დღეს აქცია პარლამენტთან, სადაც ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს. შენობის შესასვლელებს ბოქლომი დაადეს და განაცხადეს, რომ ბლოკირება 24-საათიანი იქნება და მოქალაქეები, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ, პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.