პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე საპროტესტო ტალღის მომავალი დღეების გეგმების შესახებ ითქვა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აქციაზე შეკრებილებს განუცხადა, 2 მარტს იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირება, 5 მარტს – კანცელარიის შენობის, 9, 11 და 13 მარტს კი დაგეგმილია საპროტესტო აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე.
„ჩვენ 2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარალმენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტულად ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერც ერთი მსახური.
5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.
9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შსს-ს სამინისტროსთან, რადგან ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინას სამსახური.
11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძისა და ყველაზე მნიშვნელოვანი, უსამართლო მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ.
13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით, ერთად ბევრი და რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.