პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. მთავრობამ ძალაში დატოვა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე აკრძალვა. აკრძალვა 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ასევე, მთავრობამ პრეზიდენტს 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კლასტერები ფართოვდება და ინფიცირების წყაროს დადგენაც უფრო და უფრო რთული ხდება.
„ქვეყანა სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზეა. სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 დან 3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ პიკურ ფაზაში. შესაბამისად, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ვირუსის მასობრივი გავრცელების შეკავების შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ გახსნის ფაზა, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს.
უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან ორი-სამი კვირის შემდეგ პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.