„გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან“, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს.
მერიის თქმითვე, ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებები „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებზე იგეგმება.
თბილისის მერიის ცნობით, მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვებას შეაფერხებენ
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები“, – ამბობს თბილისის მერია.