„პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლუტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზე და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
„საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ყველა საჭირო რეგულაცია, რომელიც ამ მომენტისთვის არის მიზანშეწონილი, უკვე იმპლიმენტირებულია. მისი თქმით, არ არსებობს აუცილებლობა საზღვრების სრული ჩაკეტვისა, ვინაიდან საქართველოს აქვს რესურსი ვირუსით ინფიცირებული ადამიანების სათანადო დახმარებისა და მათ სტაციონარში ან კარანტინში მოთავსებისა.
რაც შეეხება იტალიიდან შემოსულ მოქალაქეებს, ტიკარაძის განცხადებით, არ არსებობს აუცილებლობა სასაზღვრო შეზღუდვების დაწესების, ვინაიდან ევროკავშირის მოქალაქეები ფრენამდეც გადიან სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საზღვარზეც შეამოწმებენ სპეციალისტები.
„ჩინეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან საუკეთესო პირობებში. საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრი პირბადეების დეფიციტსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მთელ მსოფლიოშია და, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.