პირადად გავეცნობი ყველა შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან – გაბუნია

პუბლიკა

მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეების განმავლობაში ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

„ასეთი შემთხვევები თუ თქვენს ხელში მოხვდა ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ, გავეცნობი პირადად. ამას ვაკეთებ პირველი დღიდან, რაც ეს სისტემა გავუშვით და არამხოლოდ მე. როდესაც თავიდან დიდი ნაკადი იყო პაციენტების, რა თქმა უნდა, ამან გადატვირთა 112-ის ხაზიც, გადატვირთა ოჯახის ეიქმების ხაზიც, მაგრამ ეს დღეს არის მოწესრიგებული, როგორც ოჯახის ექიმების დონეზე, ისე სამინისტროშიც, რადგან არის ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომლის მთავარი ფუნქციაა, აკონტროლოს დაგვიანებული ზარები.

ანუ ერთი საათის შემდეგ, თუ რომელიმე ზარი რჩება უპასუხოდ, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინკლინიკის ფუნქციაა ის, რომ დაურეკოს და გადასცეს ოჯახის ექიმს. არის კიდევ ცალკეული შემთხვევები, რომელიც შემდეგ ცხელ ხაზზე ხვდება. მოკლედ ეს მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. თუ მაინც დარჩა ისეთი ზარი, რომელიც უპასუხოა, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უყურადღებოდაა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არის ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ასეთი ზარები პირადად გაიაროს და ასეთ პაციენტებს დაუყოვნებლივ გაეწიოს მომსახურება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაბუნიამ.