პირადად გპირდებით, ყველა მათგანი დაჯარიმდება - გახარია გასართობ დაწესებულებებზე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორისთვის დახმარების მექანიზმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს ექნება შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, „რომ შემდგომი, მეორე ტალღის შესაძლო ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი ერთად შეაფასონ და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმზე ისაუბრონ”.

გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორონავისრუთან დაკავშირებით ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, გაუფრთხილდნენ დასაქმებულების ჯანმრთელობას.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დასაქმებულების დიდი რაოდენობა დაინფიცირდა და აქ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ბიზნესს ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, ისევე როგორც სოციალური თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებსაც. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ეს არ არის ის დრო, როდესაც ბიზნესი შეძლებს წარმატებას ან თავის გადარჩენას მარტო, მთავრობის და ხელისუფლების გარეშე  ან მოქალაქეების გარეშე. ეს შეუძლებელია. ეს საერთო გამოწვევა და საერთო პრობლემაა. ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ…”, – აღნიშნა გახარია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის დაწესებულებები [კვების, გასართობი], რომლებიც არ ემორჩილებიან წესებს, დაჯარიმდებიან და განმეორების შემთხვევაში აღიძრება სისხლის სამართლის საქმეც.

„რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც შეფერილობებით, ვითომ პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული და თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

ჩვენ ვსაუბრობთ ახლა კომერციულ კომპანიებზე, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო, ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს მოქალქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება რაღაც კლუბებში და ღამის რესტორნებში, კატეგორიულად მიუღებელია და ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ უმკაცრესი პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის”, – განაცხადა გახარიამ.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეზღუდულია.