პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ცეცხლი საქართველოში ჩამოვა - ჯაღმაიძე

პუბლიკა

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების ფონზე, როგორ მოხდება იერუსალიმიდან „წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება” საქართველოში? – ჯაღმაიძე პასუხობს:

„ეს ჯერ არ ვიცით, მსოფლიოში ყოველდღე იცვლება გარემოებები, იერუსალიმშიც რამდენჯერმე შეიცვალა ტაძართან დაკავშირებით განრიგი, ამიტომ ჯერ ადრე არის ამის თქმა. ერთი დარწმუნებული ვარ პირადად მე, რომ ეს ცეცხლი საქართველოში ჩამოვა”, – ამბობს ჯაღმაიძე.

Jerusalem Post-ის ცნობით, რომელსაც ინფორმაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე წყარომ მიაწოდა, იერუსალიმში აღდგომის წმინდა კვირეული, მათ შორის წმინდა ცეცხლის რიტუალი ლიმიტირებულ ფორმატში ჩატარდება.

გამოცემის ინფორმაციით, მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში წმინდა ცეცხლის რიტუალს სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის 10-დან 15-მდე წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც რიტუალის აღსრულების შემდეგ „წმინდა ცეცხლს” ბენ-გურიონის აეროპორტში პოლიციის ესკორტის თანხლებით წაიღებენ, საიდანაც ცეცხლი რამდენიმე ქვეყანაში გაიგზავნება, მათ შორის: საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში. წმინდა ცეცხლის რიტუალის მთელი ცერემონია ონლაინრეჟიმში გაშუქდება.