პირადად შედით სააკაშვილთან, თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი - წითლიძე „ოცნებას“

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტის სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა და მოუწოდა, რომ თავად ნახონ მესამე პრეზიდენტი და შეაფასონ მისი მდგომარეობა, თუკი არ სჯერათ იმ შეფასებების, რომელთა მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი ცუდადაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„დღეს ჩვენ ისევ ვართ ზღვარზე სიძულვილსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას შორის. კი, თქვენ გაქვთ უფლება, არ მოგწონდეთ და მე ვერ მოგთხოვთ, გიყვარდეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება, წაართვათ მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლება.

თქვენ არ გაქვთ უფლება, ამ მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ აჰკიდოთ პრეზიდენტის მკვლელობის უბედურება და ცოდვა. თქვენ არ გაქვთ უფლება, ამ ცოდვით ატაროთ თაობები ამ ქვეყანაში.

მე ვუსმენდი პრეზიდენტთან დაკავშირებით თქვენს განცხადებებს – ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არის „სპეკულიანტობა“ და მინდა გითხრათ: შედით პირადად პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. ნახეთ პირადად, დააკვირდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემდეგ ჰკითხეთ თავს და სინდისს, ხართ თუ არა მზად, პასუხისმგებლობა აიღოთ მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა წითლიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ანი წითლიძის თქმით, ის, თუ როგორ ეპყრობა დღეს ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს, განსაზღვრავს, რამდენად შედგა საქართველო, როგორც სახელმწიფო.

„მე, უბრალოდ, მინდა, რეალობას შეხედოთ სიძულვილის გარეშე. ჩვენ შეიძლება, განსხვავებული დამოკიდებულება და შეფასებები გვქონდეს პრეზიდენტ სააკაშვილის პიროვნებაზე, შეიძლება განსხვავებული შეფასებები გვქონდეს მისი მმართველობის წლებზე,  მაგრამ თქვენ ვერ გექნებათ განსხვავებული პოზიციები იმაზე, რომ როგორც ექცევა დღეს სახელმწიფო და ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს, მეტწილად არის მეტრი და განსაზღვრავს იმას, რამდენად ვართ ჩვენ სახელმწიფო, შევდექით თუ არა, როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება; სად ვართ და საით გვინდა, წავიდეთ“, – თქვა წითლიძემ.