პირადი შემოწმების დროს სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია - NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურებიან, ამასთან, საუბრობენ კადრების გამოქვეყნებით დაშინების მცდელობაზე და მიუთითებენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე, მეორადად ტრავმირების მცდელობაა.

„აღსანიშნავია, რომ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესით, პირის პირადი შემოწმების დროს სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია. შემოწმების დროს დასაშვებია მხოლოდ სხეულის ცალკეული ნაწილების დათვალიერება ან გაშიშვლება. აღნიშნული პროცესი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ტიხრის/ფარდის მიღმა და არ შეიძლება მოექცეს ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არეალში.

დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით, როგორიცაა გაეროს, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის – CPT-ს სტანდარტები, დაკავებულების, განსაკუთრებით ქალების შემოწმების მიზნით სრული გაშიშვლება დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს. იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს დაკავებულთა მიმართ რუტინულად, მხოლოდ განსაკუთრებულ, სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებულ შემთხვევაში შეიძლება დაკავებულს მოსთხოვონ სხეულის ნაწილების გაშიშვლება, რა დროსაც დაცული უნდა იყოს დაკავებულის ღირსება”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

ამასთან, არასამთავრობოები მიუთითებენ, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ სხეულის სრული გაშიშვლების და ბუქნების კეთების იძულების პრაქტიკაზე კიდევ რამდენიმე ქალმა ისაუბრა საჯაროდ.

„შეგახსენებთ, რომ დაკავების შემდგომ (როგორც აქციაზე, ასევე, ტრანსპორტირების და პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს) პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარაზე, სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა არაერთმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა. აღნიშნული ფაქტების გამო პასუხისგებაში არცერთი არ პოლიციელი მიცემულა.

როგორც იკვეთება, აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ ადგილი აქვს უკანონო პრაქტიკას – სრული გაშიშვლების, ასევე, ბუქნების კეთების იძულების, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს. მსხვერპლი ქალების მონაყოლი, პრაქტიკის გავრცელების მასშტაბი და ინტენსივობა მიუთითებს, რომ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა ქალების წინააღმდეგ გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური რეპრესიის, დევნის, დაშინების და დათრგუნვის იარაღი.

აქვე განვმარტავთ, რომ მსგავს პრაქტიკაზე საუბრობენ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანილი მამაკაცი დაკავებულებიც. თუმცა, ქალთა მიმართ მსგავსი პრაქტიკა გაცილებით მატრავმირებელი და ღირსების შემლახველია. აღსანიშნავია, რომ სხეულის სრული გაშიშვლებით შემოწმების პრაქტიკის არსებობას ხელისუფლება ომბუდსმენისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებების მიუხედავად, წლების განმავლობაში უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ სრული გაშიშვლება ნებაყოფლობითი იყო და შემოწმების დროს გამოიყენებოდა ალტერნატიული საშუალებები”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაკავების შემთხვევაში ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ:

  • პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენელმა;
  • პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია სრული გაშიშვლება;
  • პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს.

მათივე განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:

  • უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკევებით;
  • პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები.

ამასთან, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს:

  • ადვოკატთან დაკავშირება;
  • სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481);
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199).