„სამართლიანი არჩევნების” დირექტორი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ ისიც დაიბარა გამოკითხვაზე.
„ე.წ „პირბადეების საქმის” ფარგლებში პროკურატურამ მეც მთხოვა გამოკითხვაზე მისვლა. კოლეგების მსგავსად, ცხადია, მეც მივალ სასამართლოში ჩვენების მისაცემად”
სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს რესურსი ასეთი აბსურდული საქმის „გამოძიებაზე” იხარჯება”. – დაწერა ლევან ნატროშვილმა.
ამ დროისთვის იმავე საქმის ფარგლებში მაგსტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, „დემოკრატიის მცველების” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი.
პროკურატურამ მათი გამოკითხვა 7 ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ დაიწყო.
27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.