პირბადეებმა გაიარა NCDC-ის შემოწმება, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მისაღებია – გამყრელიძე

პუბლიკა

საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, – ამის შესახებ „პირველ არხს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„ამ პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება. ჩვენ მივეცით რეკომენდაციები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები. ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები. მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც. შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სააფთიაქო ქსელებში ქვეყნის მასშტაბით ორ დღეში ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეები იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი 50 თეთრი იქნება.