ხვალიდან პირბადის ტარება გარე სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანია, სავალდებულო გახდა

პუბლიკა

პირბადის ტარება გარე სივრცეებში ისევ სავალდებული გახდა.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ბრიფინგზე განიმარტა, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველგან, სადაც 5 ადამიანზე მეტი შეიკრიბება.

„სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, სავალდებულოა პირბადის ტარება“, – განმარტა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-მდეა ჩამოსული. ამ მაჩვენებლის 90%-ზე ასვლა კი 1000 ერთეულით შეამცირებს ინფიცირების მაჩვენებელს.

რეგულაციების გამკაცრება კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატებითაა განპირობებული.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 44 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.54%-ია.