„ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი. 70% დააფიქსირა ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტმა, რაც იმედის მომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება“, – ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე საუბრობს. მისი თქმით, თავი უნდა შევიკავოთ სოციალური თავყრილობებისგან, და ბიზნესმა უზრუნველყოს უსაფრთხოების წესები. გაბუნიას თქმით, რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება.
თამარ გაბუნიას პროგნოზით, მაისის შუა რიცხვებია განსაზღვრული პიკურ მაჩვენებლად, დღევანდელი მაჩვენებელი კი ეპიდემიის ტენდენციის „ჭეშმარიტი მაჩვენებელი“ არ არის. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის დღესასწაულების უქმეების გამო დაგროვილი მაჩვენებელი.
„მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“, – თქვა მან.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 074 პირი, ხოლო გარდაიცვალა 24 კოვიდპაციენტი.