ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი პრობლემას იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, კერძოდ კი უტა ივანიშვილს, რუსული პასპორტი აქვს და ასევე – ბიზნესი რუსეთში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტი არის ფეიქნიუსი.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი ფეიქნიუსი გავიდა ჩვენი ტელეკომპანიების საშუალებით… ჩემთვის ესეც არის შექმნილი სიუჟეტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე კიდევ დამატებით ნეგატივის წარმოქმნას იმისათვის, რომ მოსახლეობას დაეკარგოს მისდამი ნდობა და გამოიწვიოს აგრესია, რაც შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესსა და უკუსვლაზე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარების მომხრეა. მისი თქმით, მთავრობა რეალურად გმობს მსგავს ფეიქნიუსებს, ვინაიდან „მსგავს ღერძს ისინი მათი ოპონენტების მიმართ არ იყენებენ“.