პროგრამისტი, გიორგი ლუბარეცი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, როგორც თვითონ ამბობს, მოწმის სტატუსით დაიბარეს გამოსაკითხად. ლუბარეცი „პუბლიკას“ უყვება, როგორც მას განუმარტეს, დაბარების საფუძველი მისი ინტერნეტაქტივობა გახდა, კერძოდ, ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებული იყო, ის საკადასტრო რუკების საიტზე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სხვადასხვა ობიექტს ამოწმებდა.
„საკადასტრო რუკებს ვნახულობდი იმ ძიების არეალში, რაც ცნობილი იყო. გოლთეთი დაასახელეს, თუ არ ვცდები, სულ პირველი, დაკარგული როცა იყო [თამარ ბაჩალიაშვილი] იმ პერიოდში. როგორც აღმოჩნდა, ისეთ რაღაცაზე დავაკლიკე, რაზეც არ უნდა დამეკლიკა. რაც კი ჩანდა, ყველა ობიექტს ვაკლიკავდი და იქ გამოდის ეგრევე საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია – ეს ჩანაწერები ამოიღეს ზუსტად, რომ შესული ვიყავი მანდ. ასეთი ობიექტი, თუ სწორად მივხვდი, იყო „ვილა ალგეთი“, რომელზეც არ უნდა დამეკლიკა და მაგაზე დავაკლიკე“, – უთხრა „პუბლიკას“ გიორგი ლუბარეცმა.
პროგრამისტი ამბობს, რომ პროკურატურაში მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და განუმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში იდგა ამის საჭიროება. ლუბარეცის თქმით, გამომძიებელს მისთვის სასამართლო შუამდგომლობა არ წარუდგენია.
„ვერ ვხვდები, მე რა შუაში ვარ. რაღაცების დაკლიკვა არ ნიშნავს, რომ ჩემს ტელეფონში პირადი ინფორმაცია იკითხოს პროკურატურამ. აბსურდია, დასერჩვა ამის საფუძველი გახდეს. მაშინ ყველა ადამიანი, ვისაც რამე დაუსერჩავს, უნდა დაიბარონ.
რომ დამიბარეს, თავიდან ვიფიქრე, რომ ექსპერტის სტატუსით დამკითხავდნენ, იმიტომ, რომ „ფეისბუქზე“ რამდენიმე პოსტი მეწერა ამ საქმეზე. მეგონა, დახმარება სჭირდებოდათ.
უნდა ნახონ, ჩემს ტელეფონში რამე ხომ არ არის მიწერილი მაგ საქმეზე. ჩატებია იქ, ზოგს სურათები აქვს, ალბათ, ამ ყველაფრის შემოწმება უნდათ და წაღება და აბსურდია უბრალოდ. [პროკურატურაში] დატოვებულია ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში. არ ვაპირებ პასვორდის მიცემას. ჩემი აზრით, უფლებების დარღვევა იქნება, მაგათ ჩემი ტელეფონი რომ გახსნან, არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის სრული წინააღმდეგი ვარ, ტელეფონის არც დატოვებას არ ვაპირებდი.
შეიძლება, სხვა მიზეზი ჰქონდეს, რის გამოც აკეთებენ ჩემი ინფორმაციის ანალიზს. ზოგადად, ხშირად ვწერ ხოლმე მთავრობის საწინააღმდეგო მიზეზს, შეიძლება, ეს იყოს, ოღონდ ეს მხოლოდ ვარაუდია“, – განუცხადა „პუბლიკას“ გიორგი ლუბარეცმა.
გიორგი ლუბარეცის გამოკითხვის და მობილური ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ განმარტება საქმის პროკურორმა მეორე დღეს, 29 სექტემბერს გააკეთა.