პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის იმ მოქალაქის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში ქართველებს აგინებდა.
ნიკა მელიას თქმით, ეს ადამიანი, რომელიც „რუსული ოცნების ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე – პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი – პაველ კოპილკოვია”.
მელიას თქმით, ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე და დღეს ის უკვე თავისუფალია, მან მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე დატოვა.
„პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან – სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში.
რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ის სპონსორი, ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში.
ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზად კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან.
ასე მუშაობს დღეს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,“ თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში. ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეული, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?” – ამბობს ნიკა მელია.