პირმა მიმართა პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა, მელიას გირაო გადაიხადოს - ადვოკატი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა. მელიას დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით, აღნიშნული ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

„დღეს, 29 მარტს, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ვინმე, ბესიკ ბოგველის გადმოგზავნილი წერილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად, ბოგველმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით, გადაიხადოს. მინდა ნიკა მელიას პოზიცია დავაფიქსირო, რომ აღნიშნული არის აბსოლუტურად მიუღებელი, მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტკალთან” – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება – გირაო, არის ანულირებული.


ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 25 თებერვალს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.