„პირნათელი ვართ ხალხის წინაშე“ - ბიძინა ივანიშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი 20-ეულის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილმა ისაუბრა „ოცნების“ მმართველობის წარმატებაზე, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, ოპონენტების კრიტიკას ცრუ ბრალდებები უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლებას მათზე საპასუხოდ დრო არ აქვს, რადგან თავდაუზოგავად მუშაობს.

„ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს ქართული ოცნება.

ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ,  ,,ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე.

…ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, ქართული ოცნების ხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც  ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად  აიღო სტარტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.