პირს 2011 წელს მარიხუანა ჩაუდეს და 3 წელი მიუსაჯეს. 2022 წელს სააპელაციომ გაამართლა - საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო მსჯავრდებული პირი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა. საუბარია საქმეზე „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ”.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ის 2011 წელს 8 გრამი მარიხუანის ფლობის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს. პირი ამბობდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო. როგორც „პუბლიკასთან” საია განმარტავს, მსჯავრდებულმა 1 წელი და 7 თვე საპატიმრო სასჯელი მოიხადა.

საჩივრის ფარგლებში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, საიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, რის შემდეგად სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. მომჩივანს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების  მართვის  და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში, 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება.

2022 წლის 18 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი”, – ნათქვამია განცხადებაში.