ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციისთვის ბრალდებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ვ.ე.-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა.
„ექსპლუატაციის მიზნით, 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები ლ.ე. და ლ.ე., ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა, კერძოდ მოწყალების მიღების თხოვნით, 2020 წლის ნოემბრამდე მათ უწევდა შრომით ექსპლუატაციას. არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად და წვრილმანი ნივთების გაყიდვით შეგროვებულ თანხებს ვ.ე. ისაკუთრებდა.
ვ.ე. არასრულწლოვანი შვილებს ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობითა და მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბნებსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება. ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“,“გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.