პირს, რომელიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდა, ოჯახის წევრები ვერ პოულობენ

პუბლიკა

ოჯახის ცნობით, ეძებენ რამაზ გერლიანს. ის ეკონომიკის ლექტორი და „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტია.

მისმა ძმამ, რომანოზ გერლიანმა „პუბლიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რამაზ გერლიანს მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან, რაც გერლიანმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი გერლიანმა გუშინ, 19 დეკემბრის დილით გამოაქვეყნა და ის პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, სავარაუდო მიყურადებასა და თვალთვალზე საუბრობდა. „კანონი დუმს… ჩემთვის ყველაფერი სულერთია… ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ…“, – წერდა გერლიანი.

ძმის ცნობით, რამაზ გერლიანი მის კუთვნილ არცერთ სახლში არ არის. ადგილზე ოჯახის წევრები პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და შეამოწმეს.

ძმა ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომ გერლიანის მანქანა თბილისში, ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს. მისი თქმითვე, მანქანა ღია იყო და მასში მანქანის გასაღები და საბუთები იყო დატოვებული.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით. დეტალების მიღებისთანავე მასალა განახლდება.