დღეს ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მარიამ ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ინფიცირებული პაციენტებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
ეზუგბაიას ამ განცხადების შემდეგ ინგა გრიგოლიამ კითხვა დაუსვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს – ამირან გამყრელიძეს. ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევაზე, რომელზეც განცხადება მარინა ეზუგბაიამ გააკეთა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევას ატარებს და იმედი აქვთ, რომ ინფიცირების წყაროს დაადგენენ.
„ჩვენ ამ შემთხვევაზე ღრმა კვლევას ვაწარმოებთ 20 და 25 -მდე კონტაქტზე და იმედი გვაქვს, რომ ინფიცირების წყარო დადგინდება. ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველ წყაროზე. ბევრი კონტაქტი დგინდება, მთელი ჯაჭვია კონტაქტების. ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ. თუ ვერ გავედით კონტაქტზე, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევები იქნება უახლოეს მომავალში, სადაც ინფექციის შემოტანის პირველ წყაროზე ვერ გავალთ“- განცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და 14 დღიან თვითიზოლაციაში იმყოფება.