პირველ ეტაპზე ადრეული გაფრთხილების სისტემები ყველაზე კრიტიკულ ადგილებში დამონტაჟდება - მინისტრი

პუბლიკა

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ეს არის ამ სადგურების მონტაჟის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯი. როგორც მან აღნიშნა, მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომლებიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემენ უფრო დეტალურ ინფორმაციას.

„ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მონიტორინგის მთელი ქსელის განვითარება. 2014 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და ხაზი მინდა გავუსვა, აბსოლუტურად, სრულად მოშლილი იყო ქვეყანაში მონიტორინგის სისტემა, ჩვენ არ გვქონდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები. 2014 წლიდან დავიწყეთ აქტიურად პროცესი და ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დონორების დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟს, ორი ახალი, სრულიად თანამედროვე რადარი იქნა დამონტაჟებული დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ამინდის შესახებ, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური იქნა ბოლო წლების განმავლობაში დამონტაჟებული და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს მივიყვანთ ბოლომდე.

რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, არის ამის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯი, იმ შეფასებებთა ერთად, რომელიც უნდა გააკეთონ და აკეთებენ სპეციალისტები. ასევე, მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომლებიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემენ უფრო დეტალურ ინფორმაციას.

ეს პროცესი თანმიმდევრულია. ანუ, მონიტოროინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა ექსპერტებს უნდა მისცეს ანალიზის საშუალება, სად არის მიზანშეწონილი  შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება – სადღაც ეს შეიძლება იყოს ეფექტური, სადღაც შეიძლება არ იყოს, დროის და მონაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე.

ამიტომ  ეს პროცესი ჩვენმა ხელისუფლებამ დავიწყეთ ძალიან აქტიურად, გავაგრძელებთ და ძალიან მალე, ვფიქრობ, უკვე მთელი ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის ქსელით, გვექნება სრული ინფორმაცია და უკვე ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება პირველ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობას, მინისტრის თქმით, ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, შესაბამისად, ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში იქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები, ვინაიდან 100 წლის განმავლობაში ამ მდინარეზე არ ფიქსირდებოდა რაიმე ღვარცოფული  ან კატასტროფული მოვლენა.

„რაც შეეხება ამ ხეობას, დასკვნაშიც წერია ეს ყველაფერი, სპეციალისტების დასკვნიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში ამ მდინარეზე არ ფიქსირდებოდა რაიმე ღვარცოფული  ან კატასტროფული მოვლენა. სპეციალისტებისთვის ზოგადად ხეობა და ზოგადად რაჭის რეგიონი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ღვარცოფების და რისკების შემცველი, თუმცა კონკრეტულად ეს მონაკვეთი ანალიზიდან გამომდინარე არ იყო შეფასებული, როგორც ასეთი კატასტროფის განვითარების რისკის ზონა.

შესაბამისად, ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში აქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები. რომც ყოფილიყო, ვთქვათ, გვქონოდა, იმდენად სწრაფად მოხდა ეს პროცესები, რომ შეიძლებოდა, ვერ ყოფილიყო ეფექტური.

ძალიან ბევრი სპეკულირება მიდის ამ თემაზე, ისევ და ისევ სპეციალისტების მოსაზრებით და მათი დასკვნით, იმდენად სწრაფი, მასშტაბური და კომპლექსური იყო ეს სტიქია, რომ თუნდაც ადრეული გაფრთხილების სისტემასაც შეიძლებოდა ვერ გამოეღო შედეგი.

სტიქია ხდება ყველგან, მთელ მსოფლიოში. ვაკვირდებით, რომ ყველა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც გაცილებით მეტად არის ეს სისტემები განვითარებული, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ვერ ახერხებენ სტიქიის პრევენციას, ეს სამწუხაროა, თუმცა ასეა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა მონიტორინგის ქსელი ქვეყანაში იყოს გამართული და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.