პირველ ეტაპზე ჩინეთთან კვირაში 7 რეისი გვექნება, სამიზნე დღეში 10-მდეა – დავითაშვილი

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ჩინეთთან დღეში ერთი რეისი შესრულდება, თუმცა, მისივე განცხადებით, მთავრობის ამბიცია მეტია, დავითაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია, მომავალში ჩინეთთან დღეში 10-მდე რეისი შესრულდეს.

დავითაშვილის თქმით, ჩინელი მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ ყოფნას 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე არსებული რეისები იქნება სამმხრივი – პეკინი-ურუმჩი-თბილისი.

„პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ ჩინეთთან დღეში, მინიმუმ, ერთი ფრენა გვექნება, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება 10-მდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, ჩინეთი ბევრი ქვეყნისთვის „სასურველი ტურისტული ბაზარია“. ჩინელი ტურისტები სხვადასხვა ქვეყანაში, დავითაშვილის თქმით, ყოველწლიურად 300 მილიარდამდე ხარჯავენ.

„ჩინეთი ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან 150 ზე მეტი მილიონი ტურისტი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანას და დაახლოებით 300 მილიარდამდეა ამ ტურისტების დანახარჯები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის წილი საქართველოზეც მოდიოდეს, დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, მნიშვნელოვანი ნაკადები გვექნება. ამისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა”, – თქვა დავითაშვილმა.

ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს, 11 სექტემბერს მიიღო, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.