პირველად NDI-ის კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა

პუბლიკა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პირველად NDI-ის კვლევების ისტორიაში ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. გამოკითხვაში მონაწილეებს ჰკითხეს: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაზე მეტმა ადამიანმა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ფასების ზრდა დაასახელა. ფასების ზრდას მოჰყვება სამუშაო ადგილები და სიღარიბე. დასახლებულ პრობლემებს შორის არის: პენსიები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელფასი.

კვლევის მონაწილეებს ასევე სთხოვეს დაესახელებინათ საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგრადი სამი ყველაზე დიდი პრობლემა. განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განათლების სფეროს მთავარ გამოწვევებად დასახელდა. განათლების ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად თბილისელები, ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, დასაქმებულები და ოპოზიციის მხარდამჭერები წუხან.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6 პროცენტია.