„პირველადი დასკვნა გვაქვს, მაგრამ საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზა“ - 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

პუბლიკა

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და ადვოკატებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები ძალიან მრავლობითია, არის ორგორც სახის არეში, ასევე ყურის ნაწილში, ყელზე არის ასევე საკმაოდ დიდი მოცულობის დაზიანება, ასევე ფეხის, ზურგის და სხეულის თითქმის მთელ ნაწილზე. არის წვრილი და მსხვილი დაზიანებები. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული. რაიმე მკრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები “, – ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

„ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 წლის გოგო 17 მარტს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სახლთან ახლოს, დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს.