შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, რეგისტრირებულ კანდიდატთა პირველადი მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის პრაქტიკოსი პედაგოგებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
ცენტრის ცნობით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.