„დღეს, დილიდან ჩაერთვნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები. პირველადი ვარაუდით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა მშენებლობის არასწორად და არათანმიმდევრულად წარმოებამ განანაპირობა“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, საბურთალოს რაიონში ჩამოშლილი მიწის ფერდობთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არც ერთ ასეთ მშენებელ კომპანიას არ შეეგუება, მათ მიერ ასე არასწორად, არათანმიმდევრულად წარმოებულ სამუშაოებს, აღნიშნული საკითხი გადაიგზავნება შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში, საკითხის შემდგომი მოკვლევის მიზით.
ამასთანავე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა, თავად ამ პრობლემის დადგენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომელიც იქნება არსებული ფერდის გამაგრებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბენდელიანმა.
საბურთლოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი გუშინ საღამოს ჩამოიშალა. გუშინვე ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მერიაში აცხადებენ, რომ ყველა, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, სასტუმროებში გადაიყვანეს. მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულია.