პირველი ან მეორე შვილის შეძენისას იპოთეკურ სესხზე 6%-იანი თანადაფინანსება იქნება, მომდევნო შვილებზე -8%-იანი - თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030“ პრეზენტაცია გამართა.

მან ისაუბრა სპეციალური პროგრამის შესახებაც, რომელიც ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობას გულისხმობს.

საუბარია იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებაზე იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და ბინის შეძენას გადაწყვეტენ. პროექტი – პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდება.

„განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში, საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული“, – ამბობს  ნათია თურნავა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და მალე ამოქმედდება.