1TV: თანამშრომლების ნაწილის მხრიდან, რომლებიც პროტესტს უერთდებიან, არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულების პირობები

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს და ისევ ამბობს, რომ მაუწყებლის წინააღმდეგ „აქტიურად ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია“.

ტელევიზია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მხრიდან არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე შინაგანაწესი. „პირველი არხის“ განცხადებით, მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ორგანიზაციის არსის, მისი მისიის და მიზნების, მასში დასაქმებული ადამიანების უფლებების და ინტერესების, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით“, – წერია განცხადებაში.

ტელევიზია განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი (მასთან არსებული დირექტორთა საბჭო) და რომ სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ შეფასებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს:

„სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ის იქნება მიღებული მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მედიასტანდარტებთა“.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაასრულა მსჯელობა  მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის კრიტიკულ განცხადებებზე. ბორდის წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ არხის პოლიტიკას, შესაძლოა დაინტერესებულნი არიან „ფინანსებით, ან პოლიტიკური ინტერესით, ან ორივეთ ერთად“. ბორდმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ჟურნალისტების საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.