საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველი ივნისიდან იხსნება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იხსნება ღია და დახურული ბაზრობები, მათ შორის, ტანსაცმლის მაღაზიები და მოლები, ასევე, რესტორნების ღია სივრცეები. კვების ობიექტები სრულად 8 ივნისიდან ამუშავდება.
„ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან, მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები. ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში.
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და ექნებათ კონკრეტული ნებართვა და ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც”, – განაცხადა გახარიამ.
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო მფლობელები“, – განაცხადა პრემიერმა.