პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურიზმს გავხსნით და გვექნება უსაფრთხო კორიდორი, იქნება ისრაელი – გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის გახსნას შეძლებს.

პრემიერის თქმით, სამთავრობო უწყებებს რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკება აქვს, რაც საქართველოსთვის მისაღები შედეგით დასრულდება.

„პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები და ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც და ყველა ამ მიმართულებას უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსახლეობა უსაფრთხოების წესებს კრიტიკულად დაიცავს.