„პირველი ვიყავი, ვინც იქ მივვარდი და დამხვდა ოპოზიცია, როგორ მიმასწრეს, არ ვიცი“ - მდინარაძე 20 ივნისზე

პუბლიკა

2019 წლის 20 ივნისიდან 3 წლის თავზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „გავრილოვის ქეისი“ იყო არა შეცდომა, არამედ „ვერუზრუნველყოფა“ – „და ამ კუთხით შეცდომა დავარქვათ, თუ გნებავთ. არავინ ისურვებდა ამას“, – ამბობს ის.

მდინარაძე ამბობს, რომ ეს იყო თავდასხმა საკანონმდებლო ორგანოზე, რომლის მოგერიების დროსაც სამართალდამცველებმა ძალას გადააჭარბეს.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ პირველი იყო, ვინც პარლამენტში „მივარდა“, მას შემდეგ, როცა იმ დღეს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიება ნახა.

„პირველი ვიყავი მე პირადად, რომელიც იქ მივვარდი, გადაჭარბების გარეშე და ემოციაც არანაკლები მქონდა ვიღაცებზე. ისინი უფრო გამოხატავენ ხოლმე. გახსოვთ, ალბათ, ეგ კადრებიც. უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა, რომ იქ დამხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და როგორ მიმასწრეს, დღემდე არ ვიცი ეს ამბავი, სხვათა შორის. როგორ მიმასწრეს, დღემდე არ ვიცი ეგ ამბავი და შემთხვევითიც არ უნდა იყოს მთლად.

ეს ძალიან არასასურველი და ცუდი კადრი იყო ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც, გულწრფელად ოღონდ,  აწუხებს ოკუპაცია და არა თავისი მიზნებისთვის აწუხებს.

რაც შეეხება ღამეს, ეს იყო ამ მომენტით ცუდად სარგებლობა. საბოლოოდ, ამან რუსეთს სანქციების დაწესების საშუალება მისცა, პროვოკაციული მოქმედებებით თავდასხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე. მოგერიების დროს [ძალა] იყო გადაჭარბებული  და როგორც აღმოჩნდა, მათ შორის, დანაშაულებრივი, რომელზეც დაისაჯა ადამიანი თუ ადამიანები.

საბოლოო ჯამში, რაც  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ზუსტად იგივე პოზიცია გვქონდა ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ის აღარ გააკრიტიკეს, სახდეპმა ილაპარაკა საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმაზე.

დღეს თავდამსხმელებიც ოპოზიციაში არიან და მაშინდელი თავდამცველებიც. ახლა ერთმანეთს ელაპარაკონ, იქ გადაჭარბება იყო თუ არა. მე მიმაჩნია, რომ იქ გადაჭარბება იყო და დაისაჯა ამაზე ადამიანი, თუმცა თავდასხმაც სახეზე იყო და ამასაც ვერსად წაუვალთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულების შესახებ, მდინარაძე ამბობს, რომ „ბევრს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი“ ასევე „ყველა შემთხვევაში, როდესაც საქმეს ჩაუღრმავდა“, მისი თქმით, მტკიცებულებების სტანდარტი რიგ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, რის გამოც ფერხდებოდა გადაწყვეტილებები. მდინარაძე ხაზს უსვამს, რომ ამას „ძალიან ზოგადად“ ამბობს, რადგან, როგორც იურისტი, საქმის დეტალებს არ იცნობს.

„როდესაც ჩავუღრმავდით კონკრეტულ თემებს, ვიღაცები მიიჩნევენ, რომ ვიღაც არის დამნაშავე, 10 ადამიანი და დასჯილია მხოლოდ 6. 4-ზე  გეუბნება გამოძიება, რომ სტანდარტით მე მტკიცებულება არ მაქვს იმდენი, რომ ბრალი წავუყენო. ნაცების დრო ხომ არ არის, აი ეს დამნაშავეა, ოპერატიულად გახსნას რომ ეძახიან, საქმე გახსნილია, მოდი, დავიჭიროთ, მტკიცებულებები საჭირო არ არისო. მტკიცებულებებია აქ საჭირო“, – აცხადებს მდინარაძე.


2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.