პირველივე წუთებში რეგისტრაცია არაა საჭირო. გამოტანილი იქნება „ფაიზერის“ 250 000 ვაქცინა - ტიკარაძე

პუბლიკა

„გამტარუნარიანობისთვის და იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სარწმუნოება, რომ არაა საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 250 ათასი „ფაიზერის“ დოზა იქნება გამოტანილი სლოტად“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის ჯავშნის გაკეთება 20 დღეზე შეეძლებათ. ტიკარაძემვე განაცხადა, რომ მხოლოდ „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე 108 ბრიგადა იმუშავებს:

„ამ ეტაპისთვის, მხოლოდ „ფაიზერისთვის“ მობილიზებულია 108 ბრიგადა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მოთხოვნა და სად იქნება მეტი მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გამტარუნარიანობა, როგორც სამუშაო საათების დამატებით, ასევე, ბრიგადების დამატებით, გავზარდოთ და 3 დღის მანძილზე შეგვიძლია დამატებითი დოზები შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს არსებული 108 ბრიგადა შეძლებს, რომ 180 ათასზე მეტ ადამიანს 20 დღის განმავლობაში მოემსახუროს.

„შემდეგ, მხოლოდ თბილისის მასშტაბით დამატებული 50%-იანი ბრიგადების რაოდენობით შეგვიძლია ეს გამტარუნარიანობა 211 ათასამდე გავზარდოთ. ხოლო, რეგიონების მასშტაბით, საჭიროების და გაზრდის შემთხვევაში, უკვე 254 ათასი „ფაიზერის“ დოზის გამტარობის შესაძლებლობა მხოლოდ 20 დღის განმავლობაში გვაქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა „ფაიზერის“ შესყიდულ დოზებზე და აღნიშნა, რომ ეს დოზები კომპანიის მხრიდან ყოველკვირეულად, უწყვეტად მოეწოდება ქვეყანას.