PISA 2022: საქართველოს ქულები წიგნიერებასა და მათემატიკაში შემცირებულია

პუბლიკა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის, PISA-ს შედეგები გამოქვეყნდა. PISA -ს ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეთა კომპეტენციები კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 267 სკოლის 6,583-მა მოსწავლემ.

სამი მიმართულებიდან ორში, 2018 წელთან შედარებით საქართველოს ქულა შემცირებულია.

საქართველოს მოსწავლეები 2022 წელს მათემატიკაში შეფასდნენ 390 ქულით, კითხვაში – 374, საბუნებისმეტყველო საგნებში – 384 ქულით. 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.

„არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის“, – განმარტავს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

  • PISA 2022 წლის მონაცემებით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%), მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD-ის საშუალო: 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა (OECD-ის საშუალო: 76%).

PISA ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს.

საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს.