PISA: საქართველოში ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ

პუბლიკა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის, PISA-ს შედეგები გამოქვეყნდა. PISA -ს კვლევის ფარგლებში მოსწავლეთა კომპეტენციები ფასდება კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

PISA 2022 წლის შედეგების მიხედვით, კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო – 445, საჯარო – 384), ასევე კითხვასა (კერძო – 426, საჯარო – 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო – 436, საჯარო – 379).

სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით კი, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

როგორია შედეგები PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით:

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში. ამ მოსწავლეების საშუალო მიღწევა მათემატიკაში 356 ქულას შეადგენს. საქართველოს მსგავსი სოციო-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.

2015-2022 წლებში, საქართველოში სოციო-ეკონომიკური სტატუსით გამოწვეული განსხვავება მათემატიკის შედეგებში შემცირდა, ხოლო OECD-ის ქვეყნებში საშუალო სხვაობა სტაბილური დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა (სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%) მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს (ქვედა 25%). ეს მაჩვენებელი ნაკლებია OECD-ის ქვეყნებში ანალოგიურ ორ ჯგუფს შორის საშუალო სხვაობაზე (93 ქულა).

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა. ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან მიუხედავად სოციოეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. შედარებისთვის, OECD-ის ქვეყნებში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა.


PISA ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს.

საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს.