ბათუმის მერიის ცნობით, სასტუმროებისთვის პლაჟების მართვაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე აღარ გავა. – ამის შესახებ „პუბლიკას“ მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც უწყებაში ამბობენ, საკითხი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო და მისი დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზი ეს გახდა.
ბათუმის მერიის ინიციატივით, იგეგმებოდა პლაჟის მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით მართვაში გადაცემა.
მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ინიციატივის მიზანი ტურისტული ქალაქის მოთხოვნების შესაბამისად ბულვარის განაშენიანება და მისი კონსერვაციის გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა:
„გასული პერიოდი გვიჩვენებს, რომ პლაჟებზე სხვადასხვა ობიექტის განთავსება იყო და რჩება მაღალი ინტერესის საგნად. ბევრი შენიშვნაა ამ ობიექტების იერსახისა თუ ფუნქციონალური ნაწილის თვალსაზრისით, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ.
აქედან გამომდინარე, მზარდი ტურისტული ქალაქისათვის, პლაჟებზე შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მივცეთ საშუალება, მსხვილ ბრენდულ სასტუმროებს მათ წინ არსებული პლაჟები მართონ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, მართვა არ ნიშნავს გასხვისებას“.
ბათუმის მერიის ინიციატივა ბათუმის საკრებულოში კენჭისყრაზე ხვალ უნდა გასულიყო. მხოლოდ საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში გადაეცემოდა ხსენებულ ბრენდულ სასტუმროებს სანაპიროები პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით მართვაში.