„პლატფორმა 26“ - შეიქმნა ახალი პლატფორმა ემიგრანტების ხმის უფლების დასაცავად

პუბლიკა

მოქალაქეებმა არჩევნებისთვის საზღვარგარეთ და საქართველოში ამომრჩეველთა მობილიზებისთვის შექმნეს „პლატფორმა 26“, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ – ნიკო მანაგაძე, პლატფორმა „გამიყოლე არჩევნებზე“, პლატფორმა „წინაპრები“, პლატფორმა „მედგიდი“, პლატფორმა „ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი“, პლატფორმა „ემგიდი“.

„პლატფორმა 26“ აპირებს ფინანსური რესურსის მობილიზებას ემიგრანტების დასახმარებლად.

„ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაარჩევნოდ ემიგრანტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა საკონსულო აღრიცხვაზე.

დიდი ხელშეშლა იყო ხელისუფლების მხრიდან და არ გახსნეს უბნები იქ, სადაც საჭირო და აუცილებელი იყო ჩვენი ემიგრანტებისთვის. ახლა საერთოდ აპირებენ ისრაელში უბნის გაუქმებას, რაც არის სრული უკანონობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობა არის დარეგისტრირებული, რამაც ჩვენ დაგვაყენა ახალი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ადამიანები მივიყვანოთ საარჩევნო უბნებამდე, ვინაიდან ძალიან დიდი ფინანსური პრობლემებია ჩვენი ემიგრანტებისთვის უცხოეთში.

[…] ყველა ჩვენ ერთი მიზნის ირგვლივ ვართ გაერთიანებული. ეს ერთი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბნებამდე, არა მარტო ემიგრანტები, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი. […] გელოდებით ყველას; ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ, „ემგიდის“ წარმომადგენელმა.