პლენარული სხდომა, რომელიც კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა, 15:00-მდე გადაიდო

პუბლიკა

პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელიც 12:00-ზე უნდა დაწყებულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა.

დეპუტატებმა რეგისტრაცია რამდენიმე წუთის შუალედით ორჯერ გაიარეს, თუმცა საჭირო 76 დეპუტატი დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველ ჯერზე რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, ხოლო მეორე ჯერზე – 73-მა.

ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი კი სხდომათა დარბაზში იყო, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლიათ. მათ შორის არიან თეონა აქუბარდია და იაგო ხვიჩია.

სხდომა 15:00-მდე გადაიდო.

ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია და იაგო ხვიჩია ამტკიცებენ, რომ დარბაზში 60-მდე დეპუტატი იყო, თუმცა რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.

პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტები იუწყებიან, რომ, მაგალითად, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ კახა კახიშვილი და დიმიტრი სამხარაძე, თუმცა რეგისტრაციის ფურცელზე მათი რეგისტრაცია ფიქსირდება.

„სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რის მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. „ქართული ოცნება“ თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ, რომ სიაში არსებული „ქართული ოცნების” დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ოცნება“ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. მის გუნდს პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურდა, თუმცა მისი თქმით, „ოცნებას“ კვორუმს ამ კანონპროექტის განსახილველად არ შეუვსებდნენ.

„ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით ქოცებს ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ „ქართულ ოცნებას“ მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ხვიჩიამ.