პლენარული სხდომების ელექტრონულ ფორმატში გამართვის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებულ განხილვას, რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება, პარლამენტის პლენარული სხდომები ელექტრონულად, დისტანციურ ფორმატში გაიმართოს.

პარლამენტის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, ერთ დღეს ორი მოსმენით განიხილავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს ჰკითხა, რამდენად ხედავდნენ ამ ინიციატივის დაჩქარებულად განხილვის აუცილებლობას.

„ბიუროს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება დაჩქარებულ განხილვასთან დაკავშირებით და დავუჭიროთ ამას მხარი, თუმცა შევხედოთ, კვირის განმავლობაში რა მოცემულობა გვექნება. ამის მიხედვით, შემდგომ თუ აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ დავუშვათ, დაჩქარებულად განვიხილოთ, თუ ვერ მოესწრება, ისედაც ეს სტატუსი მოეხსნება. ასე რომ, დაჩქარებულად მიღების შემთხვევაში, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, თავისთავად, რომ სავალდებულო წესით უნდა მივიღოთ ამ კვირაშივე“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ამის შემდეგ დეპუტატებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.