პოდოლიაკი: დელეგაციის ჯგუფის წევრები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რომან აბრამოვიჩისა და ქვეყნის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების თითოეული წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მისი თქმით, ახლა უამრავი სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ,“ – თქვა მან.

საერთაშორისო საგამოძიებო მედიაგამოცემა Bellingcat-მა აბრამოვიჩისა და ქვეყნის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

გამოცემის ცნობით, მომლაპარაკებლებს აღენიშნებოდათ სიმპტომები, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამვლას ახასიათებს. ერთ-ერთი მათგანი რომან აბრამოვიჩი იყო. ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯოურნალიც“ ავრცელებს.

რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა მოლაპარაკებებში დაადასტურა პესკოვმაც. მისი თქმით, ის საწყის ეტაპზე მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებაში.

ბელინგქეთის“ ცნობით, 3 მარტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ სამ პირს დაეწყოთ სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის, თვალის და კანის გაღიზიანება.

რომან აბრამოვიჩის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს ჰქონდა მოწამვლის სიმპტომები.