უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან შეთანხმების გაფორმება „ეშმაკთან გარიგებას” ჰგავს. ამის შესახებ მან გამოცემა Associated Press-სთან ისაუბრა.
„თუ გსურს გარიგება ეშმაკთან, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაგითრევს, ასეც მოიქეცი. ეს არის რუსეთი. თუ დღეს რუსეთთან რაიმეს ხელს მოაწერ, რაც არ დაამარცხებს მას ომში და არ დააკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას მასობრივი დანაშაულებისთვის, ეს ნიშნავს, რომ შენ ხელი მოაწერე ომის სხვა მასშტაბით გაგრძელების ბილეთს, სხვა პროტაგონისტებით, დახოცილი და ნაწამები ადამიანების განსხვავებული რაოდენობით”, – აღნიშნა მან.
პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუტანს მხოლოდ სარგებელს და დროს, რათა თავისი ჯარი გააძლიეროს და წამოიწყოს პოტენციურად უფრო სასტიკი ახალი ეტაპი ომში.