პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ნოემბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შამუგიამ 4 ნოემბერს გზა „ხელოვნურად გადაკეტა“. მისი თქმით, შეკრებილი ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, შესაბამისად, გზის გადაკეტვისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.
ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა უდავოდ გახადა ფაქტობრივი გარემოებები, თქვა, რომ შამუგია ნამდვილად იდგა საავტომობილო გზაზე, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ეს პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო.
„პროტესტი რეპრესიული კანონმდებლობით არ უნდა ისჯებოდეს, ეს კანონი არის რეპრესიული და არა პრევენციული“, – აღნიშნა მან.
პროცესზე ისაუბრა თავად შამუგიამაც:
„გამოვხატავდი ჩემს წმინდათა წმინდა უფლებას, დავიცვა საკუთარი თავი, საკუთარი თანამოქალაქეები და ჩემი ქვეყანა იმ განსაცდელისგან, რომელშიც ამოგვაყოფინა თავი ოლიგარქიამ.
როდესაც ბატონმა პოლიციელებმა მომაწოდეს ოქმი, ვუთხარი, ბოლო ნაწილი რომ არ იყოს, მოვაწერდი-მეთქი – წერია, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და კეტავდა საავტომობილო გზასო, მაგრამ ნახეთ, იმ პირობებშიო, როდესაც პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იყო საფეხმავლო ბილიკზეო.
მე ვფიქრობ, არათუ ბილიკზე, პროტესტის გამოხატვა ამ წუთას საქართველოში საერთოდ არ არის შესაძლებელი და ჩვენ, ყველანი, ვინც ვაპროტესტებთ ამა თუ იმ ფორმით, პრაქტიკულად, შეუძლებლობის ზღვარზე გავდივართ და ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ერთი მოქალაქის შესაძლებლობებს აღემატება, თუნდაც აუტანელი ჯარიმებით, ამ ქვეყანაში 5 000 ლარი პროპორციული ვერ იქნება და მით უმეტეს, 15 დღემდე პატიმრობა.
კი ბატონო, ვადასტურებ, ვაპროტესტებდი და მგონია, რომ ეს არის ჩემი წმინდათა წმინდა უფლება“, – თქვა მან
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა სხვა ოთხი აქტივისტის საქმეზეც.
- ანუკა გამსახურდიას, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ის იზოლატორს რამდენიმე საათში დატოვებს;
- 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა 4 ნოემბერს დაკავებულ ნიკოლოზ დარსანიას;
- 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა 4 ნოემბერს დაკავებულ 70 წლის ვაჟა ბერიშვილს. ის იზოლატორს რამდენიმე საათში დატოვებს;
- 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ბექა აგულაშვილს;
„ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, გზის გადაკეტვა და აქციაზე სახის დაფარვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. სახდელდადებული პირის მიერ ქმედების განმეორება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.