თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს.
„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში“, – დაწერა მან.
ზვიად რატიანის ახლობლების ცნობით, მან დაკავებისას მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანებები – მოტეხილობა და დაჟეჟილობები.
„სასამართლომ” მიიღო გადაწყვეტილება და პოლიციელების მიერ ნაცემ მამაჩემს, რომელსაც წესით ოპერაცია და წოლითი რეჟიმი სჭირდება, (მალის და ცხვირის მრავლობითი მოტეხილობების გამო) 8 დღით იჭერენ“, – დაწერა ზვიად რატიანის შვილმა, ნინა რატიანმა.
პოეტმა საკუთარი დაკავებისა და ცემის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ უამბო.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიციას ამ დროისთვის 200-ზე მეტი მოქალაქის მიამრთ აქვს დაწყებული.
მათი სასამართლო პროცესები ეტაპობრივად გაიმართება.